ჯოზეფ ბორელი: აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელი შეეწყობა დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის დღის წესრიგის სათავეში რჩება. ჩვენ გვსურს, ჩამოვაყალიბოთ დღის წესრიგი, რომელიც პასუხობს უპრეცედენტო გამოწვევებს, დღეს არსებულ შესაძლებლობებს და რომელიც მომავალზე მორგებულია. ჩვენი მუშაობისას ხელს შევუწყობთ დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, რაც არის არსებითად მნიშვნელოვანი ჩვენს თანამშრომლობაში პოზიტიური, კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს მოიცავს ბელარუსსაც, სადაც ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ხალხის მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში“, – განაცხადა ბორელმა.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.