ანდრია ჯაღმაიძე: რაც ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ვაკეში მდებარე ტაძართან - რომლის წინამძღვარიც დეკანოზი შალვა კეკელიაა - დღეს მომხდარი მოვლენები „თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევას.“


„რამდენადაც სწორად არ უნდა ეჩვენებოდეს ვინმეს საკუთარი პოზიცია, ეთიკისაგან სრულიად დაცლილი მეთოდით მოქმედება, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ის რაც დღეს ვაკეში, მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოხდა, თავისი სიმძიმით უტოლდება ეკლესიების დარბევისა და ქრისტიანთა დევნის ისტორიულ მოვლენებს.


დღეს ისმის კატეგორიული მოთხოვნა მოყვასისადმი - ჩემს შეხედულებას თუ არ იზიარებ, ქვეყნის მტერი ხარ, ესაც ძალიან ჰგავს, "ხალხის მტრებად" გამოცხადების კამპანიას უახლეს წარსულში.


დღეს გავრცელდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება ურთიერთ პატივისცემასა და ურთიერთ სიყვარულის შესახებ, მეტი სიყვარული და წინდახედულობა გვმართებს.

ყველანი უნდა შევებრძოლოთ სიძულვილს და არა ერთმანეთს. მთავარი მტერი კაცობრიობისა არის ურთიერთგაუტანლობა.

სიყვარულის მქადაგებელი ანდრია პირველწოდებული იყოს ჩვენი მფარველი!,“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.


შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


შელაპარაკება მოჰყვა აქციის მონაწილეების რეპლიკებს ტაძართან მდგომი სამღვდელოების წარმომადგენლების მიმართ, თუ „რატომ არ საუბრობს ეკლესია აქციებზე მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ხმამაღლა.“ დეკანოზმა კეკელიამ განმარტა, რომ ის ძალადობას გმობს, მათ შორის, ქადაგებების დროსაც.