პრეზიდენტის არჩევის პარალელურად, პარლამენტთან აქცია იმართება

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს გარემოსდამცველთა მარში შეუერთდა. გარემოს დამცველები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს.

მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. ასევე სკანდირებენ - „საქართველო.“

მოქალაქეები, პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აპროტესტებენ, რადგან ეს „არალეგიტიმური პროცესია.“

აქციის მონაწილეებს ადგილზე დიპლომები და ბურთები აქვთ მიტანილი. დღის განმავლობაში პარლამენტის შენობისკენ რამდენიმე ლოკაციიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობაც იგეგმება.


აქციის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალის მობილიზებაა. კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზეც. ასევე, შსს-ს თანამშრომლები პარლამენტის წინ რკინის ჯებირებით შემოფარგლულ ტერიტორიაზეც არიან განლაგებულები, სადაც დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დგას.

საპოლიციო ძალები ასევე მობილიზებულები არიან თავისუფლების მოედანზეც, სადაც წყლის ჭავლის მანქანებიც დგას.


14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე დილით 09:30 საათისთვის პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს იმ დროს მივიდა, როცა პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი გზით პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარებდა.


„ყველაფერი ვთქვი, ახლა მივდივარ სამსახურში. გამატარეთ," - განუცხადა მედიას სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ტრადიციულად, სამსახურში მისასვლელად არ სარგებლობს რუსთაველის გამზირის იმ მონაკვეთით, სადაც 14 დეკემბერს გამოჩნდა.


პრეზიდენტმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა - ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“

11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო. კანდიდატი პირველივე ტურში არჩეულად ითვლება, თუ ის მიიღებს კოლეგიის 200 ხმას.


ცნობისთვის, პარლამენტის შენობაში არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და შესაბამისად აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესაძლებლობაც. კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ "ქართული ოცნების" დელეგატები და არ მონაწილეობენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიიჩნევენ.


ვინ შედის 300-წევრიან კოლეგიაში

კოლეგიის წევრთა 300-წევრიანი სია ცესკომ 2 დეკემბერს დაამტკიცა. კოლეგიის შემადგენლობაშია:

საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი - ოპოზიციის არყოფნის მიუხედავად];
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების [საკრებულო] შემადგენლობიდან - 109 წევრი.