კელი დეგნანი: თავისუფლება, თანასწორონა, კანონის უზენაესობა - ეს ის ღირებულებებია, რასაც საქართველოსთან ვიზიარებთ

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ - თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც საქართველოსთან ვიზიარებთ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმის მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"მოხარული ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად დღეს აღვნიშნავ ამერიკის დამოუკიდებლობის 245 წლისთავს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ისეთი დიდი ღონისძიება, როგორიც ყოველწლიურად გვაქვს, წელს ვერ ჩატარდა. თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შესაძლებლობა გვექნება მომავალ წელს.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმოწერის დღეს.

დღევანდელ დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ თავისუფლებას, რომლისთვისაც ბევრმა ჩვენგანმა, ბევრმა ამერიკელმა იბრძოლა და ბევრი დაიღუპა კიდეც. ეს დღე ჩვენ ღრმად გვაფიქრებს იმ პრივილეგიებზე, რასაც ხშირად, ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ ხოლმე და ეს პრივილეგიებია, რა თქმა უნდა, ჩვენი თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ღირებულებები.

უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც ვიზიარებთ საქართველოსთან. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ, რომ ამ დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ", - განაცხადა კელი დეგნანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩ კელი დეგნანს და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა