კომპანია Johnson & Johnson-მა დღეიდან ბრიტანეთში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ეტაპი დაიწყო.
ვაქცინა კომპანიის ქვესტრუქტურის - Janssen Pharmaceutical Companies-ის მიერაა შემუშავებული.
შემდგომში მესამე ეტაპის კვლევები კიდევ 5 ქვეყანაში ჩატარდება და 1 წელს გაგრძელდება. ჯამში ვაქცინას 30 000 ადამიანზე გამოცდიან.
უშუალოდ ბრიტანეთში კლინიკურ გამოცდაში 6 000 მოხალისე იქნება ჩართული.
სწორედ III ეტაპით განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება. პირველ ორ ეტაპზე Johnson & Johnson-ის ვაქცინამ იმუნური პასუხის გამომუშავება და ორგანიზმის მიერ მისი კარგად გადატანა აჩვენა.
ოქტომბრის შუა რიცხვებში Johnson & Johnson-მა ვაქცინის გამოცდა დროებით შეაჩერა, მიზეზი ერთ-ერთი მოხალისეს “გაურკვეველი” დაავადება იყო. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს იყო “ნებისმიერი კლინიკური კვლევის მოსალოდნელი ნაწილი”.
კვლევების წარმატებით დასრულებისა და ვაქცინის რეგისტრაციის შემთხვევაში Johnson & Johnson წელიწადში 1 მლრდ დოზის წარმოებას გეგმავს.
ეს რიგით მესამე კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება, რომლის გამოცდა ბრიტანეთში წარმოებს. ამ დროისთვის უკვე იკვლევენ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ერთობლივ ვაქცინას, ასევე ამერიკული კომპანია Novavax-ის პროდუქტს.