დავით ზალკალიანი: აშშ-ის 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი არის საქართველოს მიმართ კონგრესის კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილი

ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტის მიერ 2022 ფისკალური წლისთვის დამტკიცებული კანონოპოექტი არის აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი მკაფიო, ორპარტიული მხარდაჭერის გზავნილი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემატიკა აშშ-ის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დღის წესრიგში პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის და სწორედ ამ საკანონმდებლო აქტში არის გამოხატული ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აქტუალურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში.

ეს საკანონმდებლო აქტი მნიშვნელოვანია არაღიარების თვალსაზრისით, რადგანაც არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, ისევე როგორც წინა რეზოლუციებში და წინა საკანონმდებლო აქტში, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ნებისმიერი სახის ფორმალური ურთიერთობა, აშშ-ის მხრიდან გამოიწვევს შესაბამის ფინანსურ რეაგირებას და ფინანსურ შეზღუდვებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ბერკეტი და მექანიზმი ჩვენი არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო აქტს ახლავს შესაბამისი განმარტებითი ბარათები, სადაც საქართველო მოხსენიებულია აშშ-ის კრიტიკულ მოკავშირეებს შორის.

„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისთვის საქართველოსთან თანამშრომლობასა და მასთან ურთიერთობის გაღრმავებას უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც აშშ-ის ყველაზე ახლო მოკავშირესთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტმა 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი.

აღნიშნული კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2022 ფისკალური წლის კანონპროექტი კვლავ შეიცავს მნიშვნელოვან ჩანაწერს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით, ისევე როგორც შენარჩუნებულია ჩვენი ქვეყნისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უმაღლესი ნიშნული.