თამარ გაბუნია: 150 დაწესებულება, რომელიც ვაქცინაციის პროგრამაშია ჩართული, ქოლ-ცენტრს გახსნის და მოქალაქეს რიგის დაჯავშნის საშუალება ექნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი.

,,ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოეფხვრათ, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია.

რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც. 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.

ხვალიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.