ვაქცინაციის ვებპორტალზე კიბერშეტევის შემდეგ, Sinopharm-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

ვაქცინაციის ვებპორტალზე კიბერშეტევის შემდეგ, Sinopharm-ით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო.

booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილიდან ვაქცინაციის მსურველებისთვის რეგისტრაციისთვის პორტალზე შეფერხება იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კიბერშეტევის შემდეგ შექმნილი შეფერხების გამოსწორება სრულად ვერ მოხერხდა და მიმდინარეობს მუშაობა.

გაბუნიას განცხადებით, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი

„ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები, მოსახლეობა ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს.

ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი, მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოეფხვრათ, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია.

რა თქმა უნდა, მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც. 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის ქოლ-ცენტრებს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო.