ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის სრული მოსახლეობა Pfizer-ის ვაქცინით ვერ აიცრება, რადგან ამის საკმარისი რაოდენობა არ არის, ამიტომ მოსახლეობამ იმ ვაქცინებით უნდა ჩაიტაროს იმუნიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა,
„შეფერხება ხშირადა და არა მარტო ვაქცინაციის პროცესში და ვაქცინაციის საიტზე, არამედ გაცილებით უფრო დაცულ საიტებზეც, მაგრამ თუ ეს არ გამოსწორდა, არსებობს სარეზერვო გეგმები, რომ ადგილზე მოხდეს რეგისტრაცია. არის სარეზერვო გეგმები, რომ იქნება ცოცხალი რიგის პრინციპი, რომელიც ნაკლებად კომფორტულია, მაგრამ არ არის პრობლემა და არ მგონია, არ გამოსწორდეს. ტექნიკური პრობლემები სწორდება რამდენიმე საათში ან დღეში. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან მასიური ვაქცინაცია დაიწყება.
ვაქცინაციაზე იქნება მაღალი მოთხოვნა. რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ მილიონი დოზა Pfizer-ი შემოდის, შესაძლოა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი წაახალისოს იმისკენ, რომ დაელოდონ „ფაიზერს, მაგრამ ჩინურმა ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. მას ჰყავს უკვე თავისი მომხრეები, ის უსაფრთხოა. ჯამში, აქტივობა იქნება და ეს აქტივობა იქნება მზარდი.
ვერც ერთმა ქვეყანამ, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ უზრუნველყო და ვერ შეძლო, მთელი მოსახლეობისთვის საკმარისი „ფაიზერის“ დოზა ჩამოეტანა. კარგია Pfizer-ი , მაგრამ ვინაიდან, მთელ მსოფლიოში, გარდა ამერიკისა და ისრაელისა, ვერ ხერხდება, რომ ქვეყნის მთელმა მოსახლეობამ Pfizer-ით აიცრას. უბრალოდ, ფიზიკურად არ არის ამდენი Pfizer-ი და რომ ვერ ხერხდება ეს, ამიტომ ჩვენ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც ხელთაა. თავად ამერიკელებისა და ევროპელების სლოგანია, რომ უნდა ავიცრათ იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. ვაქცინებს შორის განსხვავება არის, მაგრამ გაცილებით ნაკლები და ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ზარალი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნით“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა. სარეგისტრაციო პორტალზე პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები მუშაობდნენ, პროცესში შესაბამისი უწყებები ჩაერთვნენ, რათა ხარვეზი აღმოფხვრილიყო, თუმცა პორტალზე booking.mov.gov.ge ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ხარვეზებით მიმდინარეობს.
დღეს, 4 ივლისს საიტმა მუშაობა განაახლა, თუმცა შეფერხებება დაფიქსირდა. booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეების Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კვლავ შესაძლებელი არ იყო.