ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული Astrazeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
„ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩავიდა!
დიდი მადლობა ავსტრიელ პარტნიორებსა და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისთვის!
ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი Facebook-ზე.
ვაქცინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დახვდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაქცინების გადმოცემის გადაწყვეტილების შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა თბილისში ვიზიტის დროს,ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ავსტრიელ კოლეგას,საქართველოსთვის ვაქცინის გადმოცემის საკითხში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა:
„მადლიერი ვარ ჩემი ავსტრიელი კოლეგის, ალექსანდრე შალენბერგის,COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივ ძალისხმევასა და თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენი მხარდაჭერა უაღრესად დასაფასებელია“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.