პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.