ირაკლი ღარიბაშვილი: მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს

„დღევანდელი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ აქციის ჩატარება მიუღებელია.

„შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. მეორე, შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია საფრთხეებს შეიცავს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციის შერჩევის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, გაითვალისწინონ ეს რისკები და ალტერნატივად სხვა ლოკაცია აირჩიონ.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასეთი ტიპის აქციები ხელს უწყობს ამ უმცირესობის დისკრიმინაციას. მანვე მიმართა კონტრაქციის მონაწილეებს და განმარტა, რომ ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა ჩატარდეს და პროტესტის ფორმა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა შეიცავდეს ძაალდობის ნიშნებს.

„ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა და მე როგორც მთავრობის მეთაური, არ დავუშვებ ქაოსს და სამოქალაქო დაპირისპირებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ რისკები და დღევანდელი დღე ვმართოთ და ჩავატაროთ ძალიან მშვიდად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები, ეს საქართველოა და ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს წესებს და ტრადიციებს, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ, მოგეხსენებათ. ამავდროულად, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, 6 წლის წინ გამოვედით ინიციატივით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა და ჩაწერა, რა ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით, ამით ეს საკითხი დარეგულირდა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი სადაც თანაცხოვრების არა ერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენში, ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადამიანი არ ჰქონია პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ რაღაც გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა და ჩვენ ამას ვღებულობთ, როგორც მოცემულობას და გვესმის მათი ეს სურვილები, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა.

ამისთვის, მოგეხსენებათ, სახელმწიფომ ყველაფერი უზრუნველყო, გააკეთა ყველაფერი, მათ რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურად უსაფრთხოდ ჩაატარეს გარკვეული ღონისძიება, გუშინაც და გუშინ წინაც იყვნენ შეკრებილები ლისის ტბაზე, მაგრამ დღეს დაანონსებული მარში და მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. თუ რატომ, ამას განვმარტავ - დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოგეხსენებათ, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი. მეორე - შსს არის მუდმივ კონტაქტზე ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორებთან, ამ მარშის ორგანიზატორებთან. მათ განემარტათ, რომ მათ მიერ დაანონსებული აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და შესაბამისად, მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მე მინდა, მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება, კერძოდ პოლიციის მიერ რისკების შეფასება და ზოგადად საფრთხეების შეფასება უნდა იყოს მხედველობაში მიღებული და ალტერნატივად აარჩიონ სხვა ლოკაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

საელჩო: აშშ განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ადამიანის უფლებების დასაცავად