ნათია თურნავას განცხადებით, პირველ და მეორე შვილზე - იპოთეკური სესხის 6%-ს, მესამეზე - 8%-ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს, - სახელმწიფო პროგრამის „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ შესახებ დეტალები დღეს ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას გააჟღერა.
ეკონომიკის მინისტრს პროგრამის დამტკიცებისა და ამოქმედების ზუსტი თარიღი არ უთქვამს, არც მისი ბიუჯეტი, თუმცა აღნიშნა, რომ ოჯახების ხელშეწყობის პროგრამა მალე ამოქმედდება.
„კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ, ეს „ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის“ პროგრამაა, რომელიც პრემიერის უშუალო ჩართულობით მოვამზადეთ.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლებათ ახალშობილი და მოინდომებენ თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, საკმაოდ სოლიდური დოზით, იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას გასწევს.
აქ ჩვენ ვაკეთებთ განსაკუთრებულ აქცენტს მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას დღევანდელი მოცემულობით ბინისთვის აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე 8%-იან დაფინანსებაზეა საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა და როგორც კი ეს პროგრამა დამტკიცდება და ამოქმედდება, რაც უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ამ პროგრამით ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი ისარგებლებს“, - განაცხადა მინისტრმა.