ჯანმო ევროპას სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით აფრთხილებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებს სავალდებულო კარანტინის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

"ბოლო პერიოდში ევროპაში Covid-19 გავრცელების საგანგაშო მაჩვენებლები ფიქსირდება. ჩვენი რეკომენდაცია უცვლელია – 14–დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს ყველა მოქალაქემ, რომლის მიმართაც კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი არსებობს. თუ გვექნება მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადავხედავთ კარანტინის ხანგრძლივობის საკითხს. საკარანტინო პერიოდის მცირედით შემცირებასაც კი შესაძლოა, უდიდესი უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს, ვურჩევ ევროპის ქვეყნებს, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შეისწავლონ კარანტინის ვადის შემცირების უსაფრთხო ვარიანტები", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კეტრინ სმოლვუდმა .

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კარანტინის ვადა 7 დღემდე შეამცირეს. ევროპის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და ხორვატიაში 10–დღიანი საკარანტინო ვადა მოქმედებს.

რაც შეეხება საქართველოს, 15 სექტემბრიდან სავალდებულო კარანტინის ვადა 8 დღემდე შემცირდა. პირს საკარანტინო სივრცის დატოვება 8 დღის შემდეგ პისიარ–ტესტის პასუხის შესაბამისად ექნება. თუ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდება, იგი დატოვებს საკარანტინო სივრცეს, თუმცა ექნება ვალდებულება, 12 დღის თავზე კიდევ ერთხელ ჩაიტაროს პისიარ–ტესტირება;​ 8-დღიანი კარანტინი მხოლოდ საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შეეხებათ და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი. ამ უკანასკნელებისთვის 12–დღიანი კარანტინის ვადა მოქმედებს.

ცნობისთვის: აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ევროპაში კოვიდ–ინფიცირებულების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს.

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 945 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 000 000–ზე მეტი ადამიანი, 21 809 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2937-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1422. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.