ჩინელ ჟურნალისტს ქალაქ უხანიდან მომზადებული რეპორტაჟების გამო ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ყოფილი იურისტი, 37 წლის ჯან ზანი, 2020 წლის მაისში დააკავეს. მას ბრალად „კონფლიქტის პროვოცირება და არეულობის გამოწვევა“ წაუყენეს.
როგორც ჩინელი უფლებადამცველები აცხადებენ, ზანი ქალაქ უხანში თებერვალში ჩავიდა დ იქ არსებულ სიტუაციას აქტიურად აშუქებდა. მათ შორის მან გაავრცელა ცნობები, ქალაქში მომუშავე სხვა ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავების შესახებ. მის რეპორტაჟებში საუბარი იყო ვირუსით დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრების შევიწროების ფაქტებზეც.
რეპორტიორი 14 მაისს უხანში გაუჩინარდა. ერთი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ჯან ზანი შანხაიში დააკავეს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ რეპორტიორი შიმშილობს და ამგვარად აპროტესტებს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას.ახალი ბრალდების მიხედვით, ჩინელს ჟურნალისტს „ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ.
ჯან ზანი არ არის პირველი ჟურნალისტი, რომელსაც უხანში კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო ჩინეთში პრობლემები შეექმნა.
ქალაქში მომუშავე სამი რეპორტიორი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის „კარანტინში“ იმყოფებოდა.