ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, ვიქტორ ბაბარიკოს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წელს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

„ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა.

ვიქტორ ბაბარიკო და მისი ვაჟი ედუარდი 18 ივნისს დააკავეს. საქმე „ბელგაზპრომბანკის“ მიერ გადასახდებისგან თავის არიდებას ეხება. ბაბარიკო ბანკს 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და თანამდებობა მაისში დატოვა, რათა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართულიყო. საქმე ბანკის მიმართ სწორედ ამის შემდეგ აღიძრა.