ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინის ნაცვლად, 2 500 ადამიანი მარილიანი წყლით აცრეს

გამოცემა People-ის ინფორმაციით, ინდოეთში, დააკავეს 14 ადამიანი, რომლებიც მოქალაქეებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით ცრიდნენ.

როგორც ცნობილია, კრიმინალური სქემის მიხედვით, 10-ზე მეტ ვაქცინაციის დაწესებულებაში 2 500 ადამიანს ჩაუტარეს მარილიანი წყლით აცრა.

დანაშაულის ორგანიზატორები, რომელთა შორის მედიკოსებიც იყვნენ, ერთ დოზაში 10-დან 17 დოლარამდე იღებდნენ. ჯამში თაღლითებმა 28 000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

თაღლითური სქემით აცრილ მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩდათ ეჭვი, რაც ინდოეთის მთავრობის ვებპორტალზე საკუთარი ვაქცინაციის შესახებ მონაცემები ვერ იპოვეს.

როგორც გამოცემა წერს მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და არ არის გამორიცხული, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 400 000 გადააჭარბა.

კორონავირუსის მეორე ტალღა ინდოეთში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო და 21 აპრილიდან 17 მაისამდე დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 300 ათასს აღემატებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი იზრდება და უკვე ვაქცინირებულია 340 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 24%-ს შეადგენს. აქედან 61,7 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 5% სრულად, ორივე დოზით არის აცრილი.