პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე კვლავ დაძაბულობაა.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა კვლავ სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტთან მდუმარე აქციის მონაწილეებმა ლგბტ დროშა გაშალეს და ლგბტ დროშის ფერებში კვამლი გაუშვეს.

სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს პარლამენტთან მისვლის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველთა ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან მანქანებით გაიყვანა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.