Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა აშშ-სა და ბელორუსს შორის სამგზავრო ფრენების ბილეთების გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა.
შეზღუდვები ტრანზიტულ რეისებსაც ეხება. გამონაკლისად ჩაითვლება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზეზით, ასევე აშშ-ის ეროვნულ ინტერესებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფრენები.
საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბელარუსს შორის ფრენების შეზღუდვა ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ინტერესებშია.
ბილეთები გაყიდვების აკრძალვა და ფრენების შეზღუდვა იმ სანქციების პაკეტში შედის, რომელიც აშშ-მა ბელარუსს „რაინეარის“ თვითმფრინავთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დაუწესა.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.
ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.
24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.
24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.