ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს. ამის შესახებ მან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

„როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა იყო. დღეს არის ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. სწორედ ამ მიზნით, ქალბატონი მინისტრი, თავის გუნდთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჩვენ შევიმუშავეთ ათწლიანი განვითარების პირველადი დოკუმენტი. მინდა, ვთხოვო, ქალბატონ ეკას, წარმოადგინოს დღევანდელი პრეზენტაცია, დეტალურად ვისაუბროთ, თუ როგორ გვესახება ჩვენ, მთავრობას ამ სისტემის განვითარება ზოგადად. რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და მინდა, მოგმართოთ თხოვნით, ამ პროცესში აქტიური ჩართულობა გამოიჩინოთ. ჩვენი ამოცანაა, რამდენიმე თვე კიდევ ვიმუშაოთ ერთად და საბოლოო ჯამში დაიდოს დოკუმენტი, რომელიც იქნება ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი განვითარების ძირითად კონტურებსა და პრიორიტეტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან ექიმებს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე წარვსდგე. მე მინდა პირველ რიგში გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის. ჩვენს პატივცემულ, ღვაწლმოსილ ექიმებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთელი მთავრობის სახელით თქვენი გმირობისთვის. რაც თქვენ გააკეთეთ, ეს არის ფასდაუდებელი საქმე ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ კოვიდპანდემია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ამ პროცესში თქვენ საოცარი გმირობა, თავდადება და მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინეთ, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.