რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე, გუშინ მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის მალხაზ მაჩალიკაშვილიცაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

მისი თქმით, გუშინ ღამე, ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ამასთან, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მოლოდინი აქვს, რომ სანქციის გარეშე გაათავისუფლებენ.

"სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა პოლიცია, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ ,,რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსდა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, გუშინდელ აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.