ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციზე განაცხადა.
როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ გადალახა კრიზისი და ახლა უკვე შესაძლებელია დაიწყოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა.
მისივე თქმით, მათი მიზანია, საქართველოს დაეხმარნონ უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ვარ თბილისში, საქართველოში. ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და რეგიონშიც. უნდა ვაღიარო, რომ პრივილეგიად ვიგრძენი ეს პარტნიორობა, რაც საქართველოს ევროკავშირთან გააჩნია.
მოგეხსენებათ, რომ ბოლო წელი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული იყო. ჩვენ ყველანი ვებრძოდით და დღემდე ვებრძვით კოვიდ პანდემიას, თუმცაღა საქართველომ პოლიტიკური პოლარიზაციის ეტაპიც გაიარა და პოლიტიკური კრიზისიც იწვნია და ჩვენ დავეხმარეთ ქვეყანას ამ სირთულეების გადაჭრაში და იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემები წარსულს ჩაბარდა, არის გუშინდელი დღე და იმედი მაქვს, რომ ახლა შეგვიძლია აქცენტის გაკეთება კოვიდ-კრიზისიდან გამოსვლაზე. როგორც ნახეთ, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით.
ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ დაგეხმარეთ გასულ წელს. ჩვენ დავეხმარეთ ქვყანას 400 000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 78 000 ოჯახს საქართველოში და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილებების გაძლიერებაში დავეხმარეთ ქვეყანას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ესეც გუშინდელი დღეა და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მუშაობა და გადავლახოთ და დავძლიოთ ამ კრიზისის შედეგები.
რამდენიმე დღის წინ, გასულ პარასკევს, ჩვენ ევროკავშირში, მთელი აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, ძალიან ამბიციური და საინვესტიციო გეგმა წარვადგინეთ.
ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური აღდგენისთვის. 2,3 მლრდ ევრო გრანტის სახით იქნება, დანარჩენი კი პროექტებისა და ინვესტიციების სახით, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოვიზიდავთ: „ევროპის საინვესტიციო ბანკიდან“, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან“.
ჩვენი მიზანია, სამეზობლო ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიურად და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს დავეხმაროთ უფრო მედეგი, ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის დასამყარებლად კოვიდკრიზისის შემდეგ.
ამაზე ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს წინა მთავრობასთან, ამ მთავრობასთან, რათა მთავარი პრიორიტეტები გამოგვეკვეთა. მთავარი გამოწვევები გამოგვევლინა, რაც ქვეყანაში არსებობს და ის 5 მთავარი ინიციატივა, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა, ამ თანამშრომლების შედეგია.
ჩვენ არ გვინდა, ისეთი რამ შემოგთავაზოთ, რაც არ გჭირდებათ. ჩვენ მხოლოდ იმას გთავაზობთ, რაც გჭირდებათ", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.