ისრაელის ელჩი რან გიდორი რუხში, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა

ისრაელის ელჩი რან გიდორი რუხში, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ, ისრაელის ელჩს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნეს.

"ისრაელის ელჩი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე კაკავასა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან ერთად, ასევე „შალომ კლუბში“ იმყოფებოდა.

როგორც ისრაელის ელჩმა აღნიშნა, „შალომ კლუბის“ დაარსება სამეგრელოში არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია Shalom Club ისრაელის MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანებაა, რომლის მიზანი ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაზიარებაა.

ისრაელის ელჩი მე-2 საბავშვო ბაღსაც ესტუმრა და სადეზინფექციო საშუალებები გადასცა.

პროექტი ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია AFAD-ის ბაზაზე მოქმედმა შალომ კლუბმა განახორციელა, რომელმაც დაფინანსება აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო ,,მაშავისგან" მიიღო", - ნათქვამია ზუგდიდის მერიის განცხადებაში.