გიორგი გახარია: ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ზუგდიდში პარტიის ოფისის გახსნისას, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეაფასა.

მისი თქმით, "ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ".

"იყო პოლიტიკური მოვლენა - უმძიმესი საყურებელი - როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ. როდესაც სახელმწიფო ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ტურისტები… ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რაც ჩვენ ვნახეთ - ეს იყო გამოხატულება უუნარობის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაურკვეველი იყო, როდესაც შემდგომ სახელმწიფომ, მმართველმა ძალამ და მართველი ძალის დღევანდელმა ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო. ფაქტობრივად გვითხრეს, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარ ასე იქნებოდა, გაგაფრთხილეთო და ამის იქით უკვე თქვენი თავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო - არაკომპეტენტურობის რაღაც პიკი. ამ ადამიანებს ასე ესმით სახელმწიფო... მმართველი ძალა, მმართველი ძალის დღევანდელი ბოსები, ამას ყველაფერს აბრალებენ ყველას, აბსოლუტურად ყველას - მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ - მემარჯვენეებს, როცა აწყობთ - მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე. ეს კიდევ უპასუხისმგებლობაა!...

გახარიას თქმით, მედიაზე თავდასხმები მიუღებელი და დასაგმობია.

„რაც შეეხება მედიას - მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი და ამას ჩვენ უბრალოდ პირდაპირ ეთერში ვხედავდით, თქმა რომ ეს „მიუღებელია“ - არის არაფრის თქმა, დასაგმობია, ამას თავისი შედეგები მოჰყვება! დღეს, საქართველოში ჩვენ თუ გვინდა ევროპული ფასეულობები და ევროპული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მედიის, თავისუფალი მედიის გარეშე არაფერი არ იქნება! მოგვწონს მედია ჩვენ თუ არ მოგვწონს, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია! ჩვენ გვყავს ისეთი მედია, როგორიც გვყავს და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ეს მედია დავიცვათ", - აცხადებს გიორგი გახარია.

მისი თქმით, ხელისუფლების, მმართველი ძალის პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა უზრუნველყოს წესრიგი, მშვიდობა და ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მოქალაქის მრწამს. ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ მედიასთან.

გახარიამ პოლიციელებს მმართველი პარტიის ნაცვლად ბოდიში მოუხადა.

თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო - მე მაინც კარგად ვიცი - როდესაც მმართველი ძალა ამბობს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარო, მე ხომ ვიცი, ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხდარიყო. ამას სჭირდებოდა წინასწარ სპეციალური მუშაობა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება და ეს ყველაფერი არიდებადი იყო. იმის გათვალისწინებით ჩვენ რა შედეგებიც გვაქვს, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ - ის რომ, არასწორად იყო ორგანიზებული და არ იყო საკმარისი საპოლიციო ძალა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.