საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკასს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების აღკვეთის შესახებ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მარიუს მაშკიევიჩმა.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ჩაანაცვლებს საქართველოსა და პოლონეთს შორის აქამდე მოქმედ, 2006 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას.

ახალ დოკუმენტში შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის, დივიდენდის, პროცენტის და როიალტის წყაროსთან დაბეგვრის განაკვეთები შემცირდა და ნაცვლად ძველი შეთანხმებით გათვალისწინებული 10%-ისა, განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.

"ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.