ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებითი ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ეს ნივთები არის ნოუთბუქები მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებისთვის, 70-ზე მეტი ნოუთბუქია, ასევე ვაქცინების გადასატანი 200 ცივი ყუთი, ყინულის სამედიცინო მაცივრები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოეწოდება ქვეყანას და იქნება გამოყენების შესაძლებლობა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ავტომობილი.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევენ და გვეხმარებიან როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვის, ისე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ევროკავშირის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე, კატალინ გერმანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე ეწვივნენ და მოწყობილობების ნაწილი გადასცეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ცნობით, აღნიშნული დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და განაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს.