ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკობებში ჩაცმულებმა უნდა იარონ?!

„3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს, თავიდან იყო სამი ლოკაცია, მერე გახდა 8 და ბოლოს - 20, საიდანაც თითო ლოკაციაზე 150 ადამიანი გამოდის“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 5 ივლისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს შეკითხვა. რატომ არ მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება, მინისტრმა განმარტა, რომ „ფიზიკურად ამის საშუალება არ არის“.

მისი თქმით, რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით იყო „გაშლილი“ 3200 ადამიანი.

„ჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი, ამ ინფორმაციას ვინ ავრცელებს, არ ვიცი. გეტყვით, რომ სპეცრაზმი გამოყვანილი იყო. მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ? ესენი ჩვეულებრივი პოლიციელები არიან. როცა სჭირდებათ ჩაცმა, უნდა აღიჭურვონ პლასტმასებით, ხელკეტებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მას ასევე ჰკითხეს, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და ხომ არ დატოვებს პოსტს, მინისტრმა უპასუხა, რომ „ამაზე ოცნებობენ“.

„ჩვენ ვართ ხელისუფლება და რაც ხდება, რა თქმა უნდა, იმაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა მინისტრმა და დაამატა, რომ მოთხოვნის შესაბამისად, მზადაა, პარლამენტში, კომიტეტზეც მივიდეს.

„უკაცრავად, იდიოტიზმია, რომ თითქოს, გომელაურმა ჟურნალისტების ცემის ბრძანება გასცა. ასეთი მასიური დევნა ჟურნალისტებზე, სხვადასხვა ლოკაციაზე, აქამდე არ ყოფილა. ეს მიუღებელია, საშინელებაა, სამწუხაროა, რაც მოხდა. ვგმობ. პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ბიჭები საავადმყოფოშიც მოხვდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთეს. მოძალადეებს, ფიზიკურად რისი საშუალებაც იყო, ვაკავებდით“...

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა