ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 3,9 მილიარდი ევრო სტრატეგიულ დარგებს მოხმარდება.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
„ეს არის ძალიან დიდი ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება სწორედ ყველაზე მეტად სტრატეგიულ დარგებს, რაც გაერთიანებულია დაკავშირებადობის მიმართულებით, რაც ნიშნავს საქართველოს და ევროპას შორის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების გამყარებას, ეს ეხება ციფრულ სერვისებს და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, რომელიც გაივლის შავ ზღავზე, ეს ეხება ელექტროგადამცემ ქსელებს და ელექტროგადამცემ მაღალი ძაბვის კაბელს, რომელიც შავ ზღვაზე გაივლის და სადაც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპზე ვართ გადასულები, ეს ეხება საბორნე-საფიდერო მიმოსვლის გააქტიურებას ჩვენს პორტებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პორტებს შორის, რაც უფრო მეტად გაზრდის ჩვენს ლოგისტიკურ პოტენციალს და განამტკიცებს ჩვენს როლს დერეფანში. რაც მთავარია, ეს არის მცირე ბიზნესის მიმართ დახმარება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის სოლიდური ფინანსური ინვესტიცია განახორციელოს, საიდანაც 3,9 მილიარდი გათვალისწინებულია საქართველოსთვის.