ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და დევნის ბრალდებით დაკავებულების სხდომა დასრულდა.

ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - ,,ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას. პროკურატურა მიუთითებდა, რომ დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.

ცნობისთვის, პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა მიერ მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე 3 პირს, ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს ბრალდება 6 ივლისს წარუდგინა.