დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ავღანეთში დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიის დასრულება გამოაცხადა. ინფორმაცას Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, პრემიერმა დეპუტატებს განუცხადა, რომ გარკვეული მიზეზებით გასვლის გრაფიკს ვერ გაასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრიტანეთის სამხედროების დიდმა ნაწილმა ავღანეთი უკვე დატოვა.
„ყველა ბრიტანელი სამხედრო, რომელიც ავღანეთში NATO-ს მისიაში მონაწილეობდა, ახლა სახლში ბრუნდება. გარკვეული მიზეზებით, არ გავასაჯაროებ გასვლის გრაფიკს, თუმცა შემიძლია ვუთხრა პარლამენტს, რომ ჩვენი პერსონალის უმეტესობამ ქვეყანა უკვე დატოვა“, - აღნიშნა ჯონსონმა.
ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო და როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, გასვლის პროცესი სექტემბრამდე დასრულდება.