ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა ზაზა ჭაავამ განაცხადა, რომ ტრანსპორტი გაუმართავი იყო და მოპედის ჟურნალისტებისთვის განზრახ დაჯახება არ სურდა.
მისივე თქმით, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად განწყობილი არაა და 5 ივლისის აქციაზე ტექნიკური გაუმართაობის გამო, მოპედის გაჩერება ვერ შეძლო. ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
"არავინ მყავს ნასამართლევი, მრცხვენია, რომ ჩემ მიმართ სასამართლო ტარდება. ჩემს თავს ვაჟკაცად ვთვლი, საქართველოს 4 შვილს ვუზრდი, მათ ვასწავლი, რომ წესიერები, ვაჟკაცები გაიზარდონ. 2 ბიჭი მყავს და ვასწავლი, რომ ჯარი მოიხადონ და საქართველოს სადარაჯოზე დადგნენ. აგვისტოს ომში ვიხვეწებოდი, რომ ომში წავეყვანე, მიუხედავად იმისა, რომ ხელი არ მაქვს, რადგან ჩემი თანამამულეების სისხლი იღვრებოდა.
ჩემს მეუღლეს ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და ასე თუ ისე შეხება აქვს ამ სფეროსთან. დედა მყავს ავადმყოფი და წამლებს ვაწვდი ყოველდღიურად. მარცხენა ხელი არ მაქვს და ავარიის შედეგად მარჯვენა ფეხი არ მაქვს, ძვლების ნაცვლად რაღაც მიზის. სადაც ჟურნალისტებში შევვარდი, ჩემი მიზანი მათი დაზიანება არ იყო, ტრანსპორტმა მიმტყუნა. ვინც მოპედს მართავს, იცის, რაზეც ვსაუბრობ, ახალი გადაწყობილი მქონდა მუხრუჭი.
ჩემს მოძღვარს მოვკარი თვალი და მასთან პურის მისატანად მივდიოდი. გამექცა მოტოციკლი, გაზიც გაიჭედა, ვიგინებოდი და ვყვიროდი, რადგან მივხვდი, რომ ვეღარ ვაჩერებდი. შევარდნისას რატომღაც ერთ-ერთი ოპერატორი წიხლებით შემომახტა მკერდზე, რადგან ისევ გაზს მივაწექი, იქნებ აიშვას-მეთქი. თუ ეს ხალხი თვლის, რომ მე ვიძალადე ჟურნალისტებზე და ასე მწირავენ, მე მაინც საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი ამისთვის. თუ რომელიმე ჟურნალისტი თვლის, რომ ვიძალადე, ამაზე ვაგებ პასუხს. მე არ ვარ ჟურნალისტების მიმართ აგრესიული. რაც შეეხება ლგბტ მსვლელობას და მათი თანაცხოვრების საქართველოში დაფუძნებას, არ ვემხრობი, ქრისტიანი ვარ", - განაცხადა ჭაავამ.
ცნობისთვის, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა