ევროპარლამენტი: ევროკავშირსა და NATO-ს მოვუწოდებთ, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდგებოდა გაუწიონ რუსეთის აგრესიას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ

ევროპარლამენტმა ევროკავშირისა და NATO-ს თანამშრომლობას შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საუბარი საქართველოზეცაა.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდეებს, გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხელი შეუწყონ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან და აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს პარტნიორებთან, რადგან ამის გარეშე რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

,, ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერაში ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო პოლიტიკური და ოპერატიული ურთიერთქმედების შენარჩუნებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს NATO-ს პარტნიორი ქვეყნების მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას.

„ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის რევიზიონისტული, მილიტარისტული და აგრესიული პოლიტიკის გამო. NATO-სა და ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ თანმიმდევრული და აქტიური სტრატეგია და კანონიერად, სწრაფად და ერთობლივად უპასუხონ რუსეთის მხრიდან ტრადიციულ და ჰიბრიდულ აგრესიასა და პროვოკაციას. ევროკავშირსა და NATO-ს მოვუწოდებთ, გააფართოონ თანამშრომლობა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის პირდაპირ თუ ირიბ აგრესიასა და აქტივობებს, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წინააღმდეგ არის მიმართული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.