ნიკა მელია: 6 ივლისის აქციაზე ჩემი გასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განმარტავს, თუ რატომ არ იმყოფებოდა 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.

მელიას თქმით, პარლამენტის წინ გამართულ მდუმარე აქციაზე მიზანმიმართულად არ მივიდა, რადგან როგორც ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი აქციაზე გამოჩენა, სავარაუდოდ, გაზრდიდა დაპირისპირებას.

,,პირდაპირ რომ გითხრათ, 5 ივლისს სამწუხაროდ, მე საერთოდ თბილისში არ ვიყავი, როდესაც დილის 10:00 საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავით, პრინციპში, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10:00 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს, მე ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავი. რატომ? მე მქონდა ინფორმაცია, ისევე, როგორც სხვადასხვა შემთხვევებში - როგორც ჩვენგან ჟონავს ინფორმაცია, ასევე ჟონავს მათგანაც, - რომ ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას.

მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვი საერთოდ არ მეპარება, რომ იქ პრაქტიკულად დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, რომ ,,ქართულ ოცნებას" არ გაუჭირდებოდა, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ქართული ოცნება ჩათვლიდა საჭიროდ. თუკი ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ის ხალხი, აბსოლუტური უმრავლესობა, არიან და იყვნენ მართულები და მეორე მხარეს პოლიცია, რომელიც, სამწუხაროდ, ასევე თავიდან ბოლომდე მართულია და რასაც უბრძანებენ, იმას ახორციელებენ, ის კორდონი გაიხსნებოდა მაშინვე, როდესაც ჩათვლიდნენ საჭიროდ. და გაუჭირდებოდათ დაბრალება ჩემზე? დილიდან იყო კამპანია დაწყებული იმისა, რომ ერთიანი ,,ნაციონალური მოძრაობა" იდგა ამ ყველაფრის უკან, მათ შორის, აფრიალებდნენ ორ ფოტოსურათს, სადაც მე ვიყავი აღბეჭდილი ორ ახალგაზრდასთან, რომლებიც იყვნენ მოძალადეების მხარეს. ანუ, იმასაც კი არ ერიდებოდა ქართული ოცნების პროპაგანდა, რომ აი, ნიკა მელიას ახლობლები და წარმომადგენლები არიან მეორე მხარესაც, ანუ ორივე მხარეს გვყავდა ჩვენ-ჩვენი პროვოკატორები", - განაცხადა მელია გადაცემა ,,რეაქციის" ეთერში.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.