2021 წლის 7-8 ივლისს, თურქეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია. 7 ივლისს, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრისას, მხარეთა მიერ, კმაყოფილებით აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის სფეროებში.
ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი გაღრმავების დიდ პოტენციალს.მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა, გამოწვევები, საფრთხეები და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების განვითარების პერსპექტივები.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის უახლოეს მომავალში ჩატარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
თურქულმა მხარემ, კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა. მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს.