პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა

9 ივლისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით, მოქალაქეების თვითორგანიზებით დაგეგმილი აქცია სახელწოდებით "სახელმწიფოს პანაშვიდი" გაუქმდა.

აქციის ორგანიზატორებმა აქცია მას შემდეგ გააუქმეს, რაც მათი თქმით, პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისგან, მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ.

როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორები აპირებდნენ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ.

"ჩვენ ვგეგმავდით, რომ ეს აქცია ყოფილიყო სიმბოლური და ამ ჯვართან, როემლიც ჩვენი აზრით არის სახელმწიფოს, სეკულაური სახელმწიფოს პანაშვიდი, გვინდოდა მიგვეტანა თაიგულები. ჯვირს მოხსნა და ვანდალობა არ იგეგმებოდა, თუმცა მოგვივიდა "ალტ ინფოს" ლინკები და ა.შ, რომ ბოლო სისხლის წვეთამდე აპირებენ ბრძოლას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავწირავთ ადამიანებს", - თქვა აქტივისტმა, ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ რკინის მასიური ჯვარი 5 ივლისს აღმართეს "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამოსულმა ჯგუფებმა, რომლებმაც თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის" გაუქმების მიუხედავად, მედიასა და მოქალაქეებზე იძალადეს რამდენიმე სხვდასხვა ადგილას.