"მინდა ბატონი ბლინკენის სახელით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას და გაწეულ წვლილს, საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით, გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მონაწილე ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიის დასრულების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
აშშ-ის ელჩმა სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მივესალმები ყველას, ვინც მონაწილეობდა და ასრულებდა საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობის პროგრამას.
ძალიან ვამაყობ, რომ მაქვს 32-ე ბატალიონისთვის მისალმებისა და მილოცვის შესაძლებლობა. ვულოცავ ყველას სახლში უსაფრთხოდ და წარმატებით დაბრუნებას.
ვიცი, რომ ძალიან დიდი გზა განვლეთ მეგობრებო. თქვენ წელიწადზე მეტია გადიხართ წვრთნებს. თქვენ შეინარჩუნეთ დისციპლინა და ერთგულება მიუხედავად გამოწვევებით აღსავსე დროისა და დაბრკოლებების სიმრავლისა. ამისთვის გიხდით მადლობას და გილოცავთ.
გლობალური პანდემიის გამო შეიცვალა და ბევრი კორექტირება მოუწია თქვენს მონაწილეობას საერთაშორისო მისიაში, თუმცა თქვენ არ დათმეთ და წარმატებით შეასრულეთ თქვენი მისია, როცა თქვენი ჯერი დადგა.
მე ვულოცავ ყველა ჯარისკაცს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ საერთაშორისო მისიაში.
შეერთებული შტატების სახელით უდიდეს და ყველაზე გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს, იმისათვის რომ დათმეთ თქვენი ოჯახი, მეგობრები, სამშობლო და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდით. ახლა კი დაბრუნდით ჯანმრთელები, წარმატებულები და ამაყად თავაწეულები.
მე მინდა ბატონი ბლინკენის სახელით გითხრათ, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას და გაწეულ წვლილს, საერთაშორისო პარტნიორის სტატუსით, გლობალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. მე მინდა ვთქვა, რომ მთელი საერთაშორისო მისიის ფარგლებში საქართველო ასრულებდა თავის ღირსეულ წვლილს.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო ცენტრი იყო სამაგალითო და ამერიკელი ჯარისკაცები და ინსტრუქტორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ წვრთნებში, იყვნენ ასევე იმის ნათელი მაგალითები, რომ თქვენ ყველანი შეძლებდით საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულებას და სამშობლოში დაბრუნებას.
მე ვიცი, რომ კარანტინშიც მოგიწიათ ყოფნა, ხანგრძლივი პერიოდით, იმისათვის, რომ თქვენი კოლეგა ჯარისკაცების ჯანმრთელობა დაგეცვათ.
ძალიან დიდი ღვაწლი გაქვთ, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველომ თავისი სახელი სამუდამოდ დაიმკვიდროს. ნებისმიერ თქვენგანს ან ნებისმიერ ბატალიონს, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო მისიებში, აქვს თავისი სიტყვა ნათქვამი საერთაშორისო მისიებში საქართველოს ძალების თავგანწირვის დადასტურების მიზნით.
მე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ უკვე იმის პოტენციალი, რომ დაიცვათ თავი მტრულად განწყობილი ძალებისგან და სწორი გზავნილები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს.
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ასეთი სამაგალითო სამსახურისთვის, გილოცავთ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ"- განაცხადა კელი დეგნანმა სიტყვით გამოსვლისას.