კიევში, სუამის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 55-ე სხდომა გაიმართა

კიევში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის სამდივნოში, წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 55-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაჰმუდ მამად-გულიევმა, უკრაინის საგარეო საქმქეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, დანიელა კუჟბამ, სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.

"აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან, საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ხსენებული სხდომის ფარგლებში, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ, წარადგინა საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა, რომელშიც ასახულია პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციის ფარგლებში პოლიტიკური ურთიერთქმედების, დარგობრივი თანამშრომლობის და პარლამენტთაშორისი სეგმენტის გაძლიერებაზე, ასევე პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე სუამ+ ფორმატების ფარგლებში.

სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნულმა კოორდინატორებმა ასევე განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კოვიდ-19 -ის პირობებში ქვეყნებში არსებული ვითარების მიმოხილვას და ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას. აღინიშნა ტურიზმის სექტორის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებლობაც", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.