დავით ზალკალიანისა და უნგრეთის ელჩის შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომლებიც უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა.

"ხაზი გაესვა, რომ აღნიშნულის გამოხატულებაა როგორც განხორციელებული მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, ასევე წარმატებული სექტორული თანამშრომლობა. ამ თვალსაზრისით, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლებისა და კულტურის სფეროებში აქტიური ურთიერთქმედება და მიღწეული შედეგები, ასევე დაფიქსირდა, რომ ამ მიმართულებებით კიდევ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალი.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ხაზი გაესვა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში 4 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტიური სამუშაოსათვის და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.