5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტი ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენას ითხოვს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის მოსმენის თარიღთან და ფორმატთან დაკავშირებით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, თარიღთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციები მიმდინარეობს და პარლამენტი მას რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში მოუსმენს.

ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.

ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.