დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი და წყალქვეშა ქალაქი იხსნება

დუბაიში ყველაზე ღრმა საუცურაო აუზი ააშენეს. 60 მეტრის სიღრმის აუზი დუბაის ახალი წყალქვეშა ქალაქის ნაწილია და მის ასავსებად14 მილიონი ლიტრი წყალია საჭირო.

ატრაქციონი, სახელწოდებით Deep Dive Dubai, მინიმუმ ოთხჯერ აღემატება სხვა ნებისმიერ, მსგავსი ტიპის აუზს მსოფლიოში და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე "ღრმა საცურაო აუზი".

აუზი ასევე გამოირჩევა წყალქვეშა ქალაქით, რომელიც განთავსებულია 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. მყვინთავებს შეუძლიათ დაათვალიერონ წყალქვეშა ქალაქი, სადაც "მიტოვებულია" ჩაძირული სახლები და არის გასართობი სივრცეც.

აუზის ცალკეულ ნაწილებში იქნება სხვადასხვა ატმოსფერო, რომელიც შეიქმნება თანამედროვე განათებისა და ხმის სისტემების საშუალებით.

აუზი ჯერჯერობით დამთვალიერებლებისთვის გახსნილი არ არის, მისი ნახვა მხოლოდ სპეციალური მოსაწვევის საშუალებით შეიძლება. თუმცა, როგორც ცნობილია, აუზის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება.