პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ, ჰაიტის ხელისუფლება გაეროსა და აშშ-ს, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯარების გაგზავნას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს, პრეზნიდენტის მკვლელობის დღეს, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გაუგზავნა წერილი.
წერილში ნათქვამია რომ ქვეყანა ითხოვს "ეროვნული პოლიციის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას მთელ ტერიტორიაზე".
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა უზრუნველყოს ჰაიტიში გაეროს სამშვიდობოების ან პოლიციის განლაგების უფლება.
როგორც ცნობილია ჰაიტის მხრიდან სამხედროების გაგზავნაზე თხოვნა, დაადასტურა აშშ-მ.
"ჰაიტის მთავრობამ მოითხოვა უსაფრთხოების დაცვასა და საგამოძიებო საქმეში დახმარება. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით ჰაიტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლიათ შეერთებული შტატების დახმარება", - განაცხადა პენტაგონის საჰაერო ძალების სპიკერმა.
7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიჭრა პირველი ლედიც.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.