"საქართველოს სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე სჭირდება აღიარება და ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეებს.
როგორც პრეზიდენტმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სპორტი, ოლიმპიადა არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო.
"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა და ის, რომ თქვენი ფორმა მაცვია, რადგან მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, რამდენი გამძლეობა, რამდენი შრომა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას ამის უკან, რაც მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარია.
ჩვენ ძალიან რთული წელიწადნახევარი გავიარეთ. პანდემიის ეს წელი თქვენთვის ალბათ, კიდევ უფრო რთული იყო, რადგან თუ სპორტსმენისთვის არ შეიძლება შეჯიბრებაში მონაწილეობა და ასპარეზობა, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია სპორტში შემდეგი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელჩო თქვენ ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, რომ ძნელია, ვიცით, რომ ოლიმპიადას არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები. ძალიან რთულია, როცა ცარიელ სტადიონზე გამოდიხარ, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა იაპონიას, რომ ეს შეძლო და ვიცით მთელს მსოფლიოში, თუ რამდენად რთული ამოცანა იყო და არის ეს.
პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ თქვენ გვჭირდებით.
ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ, როგორც ვართ ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს.
გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ავღანეთში, ძალიან რთულ პირობებში და ღირსეულად ატარეს საქართველოს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ ხვალ, ზეგ საქართველოს სახე. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. უკვე ხართ გამარჯვებული და ჩვენც ვართ თქვენთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.