კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე: იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის

აშშ-ის ელჩი საქართვეკლოში, კელი დეგნანი თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის.

"ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე. მოგეხსენებათ, რომ აშშ-მა მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რომ გაეუმჯობესებინა მათი შესაძლებლობები მასობრივი შეკრებების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებეულები ვართ, რომ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ გამოიყენეს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალადობა სურდათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არცერთ სიტუაციაში, მიუღებელია ძალადობა განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ამასთან დაკავშირებით, ბევრმა გააკეთა კომენტარი, თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებების, ღირებულებების დაცვით, ტოლერანტობით, გარკვეულწილად უკან გადადგა ნაბიჯი", - განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც 5 ივლისს გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ძალადობას, დეგნანმა უპასუხა: "პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განეიტრალებისა და აგრესიის დაგმობის საქმეში. იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ დღებში ასეთი ძლიერი როლი ვერ დავინახეთ".