რა საკითხები განიხილა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ინდოეთის პირველმა დიპლომატმა პრემიერთან

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროში.

„მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, იღებენ განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც შეეხება როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს.

დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს.

მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საინვესტიციო გარემოზე, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ასევე შევეხეთ კოვიდ 19-ის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყველა ქვეყანაში მძვინვარებს აღნიშნული პანდემია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აუცილებელია.

ასევე მინდა ბოლოს აღვნიშნო, რომ დღევანდელი ვიზიტი მჯერა იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი ძლიერი თანამშრომლობის და მეგობრობის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ისტორიულია.

"დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული. ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა დღეს თბილისში. ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში.

მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერ-მინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობის ხალხებს შორის და მთავრობებს შორის.

მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.