„ჩრდილოეთის ნაკადი 2 ეიჯი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მატიას ვარნიგმა განაცხადა, რომ გაზსადენზე სამშენებლო სამუშაოები შესაძლოა, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდეს.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად პროექტის 98% უკვე დასრულებულია და კიდევ სამი თვე სხვადასხვა სერტიფიკატის მიღებას და შემოწმებების ჩატარებას დასჭირდება. მატიას ვარნიგის თქმით, კომპანიის ამოცანაა, რომ გაზსადენმა მუშაობა მიმდინარე წელსვე დაიწყოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტის ამუშავების მიუხედავად, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი 2024 წლის შემდეგაც გაგრძელდება. პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ათი წლის შემდეგ შესაძლოა, მოსახერხებელი იყოს წყალბადის ტრანზიტი.
ამჟამად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით აშშ სერთიფიკატის გამცემ სხვადასხვა კომპანიას სანქციებით ემუქრება. პროექტს აშშ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″ რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.