მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტია ლიდერობს. მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარტიას ამ დროისთვის ხმათა 47.81 პროცენტი აქვს.
ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა „კომუნისტების და სოციალისტების საარჩევნო ბლოკი“ 30.84 პროცენტით. მესამე ადგილს პარტია „შორი“ იკავებს, რომელსაც ხმების 6.49 პროცენტი აქვს. დანარჩენმა პარტიებმა ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.
მოლდოვას მმართველობის საპარლამენტო ფორმა აქვს, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები შეზღუდულია. გასული წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სანდუმ საკანონმდებლო ორგანოს დაშლა შეძლო, რომელშიც მისი პარტია მხოლოდ 15 ადგილს აკონტროლებდა. „მოქმედების და სოლიდარობის“ პარტიამ თავის პროგრამაში მთავარ პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურება დაასახელა. ასევე მთავარი საკითხებია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რუმინეთთან. პროგრამულ პრიორიტეტებში დასახელებულია უკრაინასთან და საქართველოსთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელება.