პარლამენტთან დაპირისპირებაა - მედიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ითხოვენ

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ითხოვენ, თუმცა სამართალდამცველები მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ადგილზე შეკრებილები ამბობენ, მათ აქვთ საშვები, თუმცა პოლიციელები არ უშვებენ.

მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როდესაც რამდენიმე დეპუტატმა კარების გაღება სცადა, მაგრამ პოლიციელებმა ორგანოში შესასვლელი კარი დაკეტეს და არ მისცეს პარლამენტში შესვლის საშუალება.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა გაიმართოს.

წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტი მესამე მოსმენით ე.წ. სამშენებლო ამნისტიას მიიღებს. გარდა ამისა, დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.