ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ, დახურული შეხვედრა გამართა, რა დროსაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, " პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა".
„შეხვედრაზე ერთი-ერთზე ვისაუბრეთ, საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო. არ შემიძლია, ვისაუბრო პრეზიდენტის განწყობებსა და განცხადებებზე. უახლოეს პერიოდში ის ალბათ თავად გააკეთებს შეფასებებს. ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ჩემი მხრიდან დაყენებული იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ, ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს.
ასევე, ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით, ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს.
„მე ვფიქრობ, რომ იყო გულწრფელი საუბარი და პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა მის ნაცვლად მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როგორც ვიცი, ის აპირებს მედიასთან საუბარს და დამატებითი დეტალების კითხვის საშუალება იქ გექნებათ.
ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო.
ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციონირებას და ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანური უფლებების დაცვას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-სა და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა.
მინდა, მოვისმინო, რას ფიქრობს თავად, მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს თუნდაც იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს.
კონკრეტული ჩემი მესიჯები იქნება ასეთი, რომ ვუთხრა პრეზიდენტს, რატომ ვთვლი, რომ არ არის სწორი, დღემდე არ არის გამოძიება დაწყებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების მიმართ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ შსს და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ მიმართულებით, დაიწყოს გამოძიება და დაიწყოს დევნა, მისცენ პასუხისგებაში ამ ძალადობრივი თავდასხმების იდეოლოგები და ორგანიზატორები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დაწყებამდე.