საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე იწყებს მუშაობას

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის წევრები პარლამენტის საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

დეკანოიძის განმარტებით, პარტია მხოლოდ ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაში მიიღებს მონაწილეობას. ამას გარდა ერთადერთი შემთხვევა, როცა ფრაქცია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს, ეს საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა იქნება.

"ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ფრაქცია ძალა ერთობაშია", რა თქმა უნდა, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში, მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურისა და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა",- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ლელოს" ლიდერების განცხადებით, აქტიურად უნდა დაიწყონ მსჯელობა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე.

"ჩვენ გავმართავთ თათბირს სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთნ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო პროცედურა იმისთვის, რომ დავაინიციროთ ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, სხდომათა დარბაზში უმრავლესობა მარტო უნდა დარჩეს.

სხდომის დაწყებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის ტრიბუნა და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გადმოფინეს. მათი თქმით, მთავარი მოთხოვნა, პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება იყო. თუმცა, პარლამენტის მანდატურებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს სპიკერატი დაატოვებინეს.

"ჩვენი მხრიდან ტრიბუნის ბლოკირების ერთადერთი მიზანი იყო მოთხოვნა, გადადგეს მკვლელი ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.