პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით - პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო ორგანიზებული სათანადო რაოდენობით პოლიცია და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. .
სახალხო დამცველის თქმით, პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. ამასთანავე, მან უმრავლესობის დიქტატურა გამოაცხადა.
„ვფიქრობ, პრემიერმა ძალიან ცალსახად და ნათლად დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით. პრაქტიკულად თქვა, რომ ეს იყო მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 5 ივლისს არ ყოფილიყო სათანადო რაოდენობით პოლიცია ორგანიზებული და არ შეეშალათ ხელი მოძალადეთა თარეშისთვის და თავდასხმებისთვის. ეს დაადასტურა მან.
ასევე, გვითხრა, რომ არამარტო ამ შემთხვევაში, არამედ სამომავლოდაც, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე იქნება. შესაბამისად, უმცირესობების უფლებები არ იქნება დაცული. უმრავლესობის დიქტატურა გამოგვიცხადა პრაქტიკულად, არაფერი საერთო ამას არ აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცულია ყველა ადამიანის უფლება, უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენელებისაც. უმრავლესობა არ წყვეტს, იქნება თუ არა დაცული უმცირესობის უფლებები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.